ფონა- ადგილი სადაც ნოზაძე- გვარის ფესვებია


2011-11-17 20:57:51

ფ ო ნ ა

სოფელი ფონა მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდ. ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირზე, შედის ხარაგაულის რაიონის სოფელ წიფის საკრებულოს შემადგენლობაში. სოფელი ზღვის დონიდან 940 მეტრის სიმაღლეზეა, რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 33 კილომეტრით, უახლოესი რკინიგზის სადგურ წიფადან - 7 კილომეტრით. სოფელი ფონა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტია. იგი იმერეთისა და ქართლის საზღვარზე მდებარეობს. ფონა ორია: ზედა და ქვედა ფონა, ზედა ფონას სარეკელასაც ეძეხიან.

ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: `ხოლო კუალად სურამის დასავლით, ლიხის მთის საშუალსა შინა, არს დაბა ფონა. ამ ფონას გასდის ჩხერიმელის მდინარე და მიდის დასავლეთს-სამხრეთს შუა მებოძირის სეითამდე. მას ქუეით დაბის ქუაბამდე არს ქართლისა~ (ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოისა, (ქ.ც-ა, ტ. IV, თბ. 1973წ., გვ. 378-379). ფონა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზაზე მდებარეობდა. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს არაერთი გზა აკავშირებდა. გზები გადიოდა სოფელ ალზე, ფრონეს ხეობაზე, სურამზე (ფონა, რიკოთი), ქვიშხეთზე (ბულბულის ციხე). ამის შესახებ მიუთითებენ ქართველი ისტორიკოსები, უცხოელი მოგზაურები თუ გეოგრაფოსები. სხვადასხვა დროსა თუ ეპოქაში შექმნილი ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე ამ გზათაგან ერთი რომელიმე იძენდა უპირატესობას. ამის მიუხედავად ფონაზე გამავალი გზა შეიძლება მნიშვნელოვან, მთავარ გზად იქნეს მიჩნეული. ეს გზა მიემართებოდა სურამიდან, გაივლიდა `ლიხის მთის საძუალესა შინა" ფონას, შემდეგ წიფას, ნებოგირს და შორაპანში ჩადიოდა. აქვე იყრიდნენ თავს ალისა და ქვიშხეთის მხრიდან მომავალი გზებიც. ფონაზე გამავალი გზის უპირატესობა მდგომარეობდა იმაში, რომ იგი უფრო მოსახერხებელი იყო, რადგან აქ ლიხის ქედი უფრო დაბალია, ისევ ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, `ეს გადასასვლელი ლიხის მთის საშუალსა შინაა~, თითქმის გავაკებულია და უფრო იოლად სავალია, ვიდრე ალიდან, ქვიშხეთიდან და სხვა ადგილებიდან გადასასვლელი გზები. სოფლის ასეთი ბუნებრივი მდებარეობით უნდა აიხსნას ალბათ სახელწოდება ფონაც. ფონა და ფონი ერთი ძირის სიტყვებია. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით ფონი მდინარის გასავალი ან წყლის გასავალია.      (ს.ს ორბელიანი, ლექსიკონი ქართული. ტ. II., თბ. 1993, გვ. 196). ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ვახუშტი ბატონიშვილი ფონას დაბას უწოდებს, დაბა სულხან-საბას განმარტებით არის `მომცრო ქალაქი მოზღუდვილი (11). I. იოანე)~ (იხ. `სიტყვის კონა~, თბ., 1949 წ. გვ. 135.) ე.ი. მის დროს ფონა სოფელზე მეტია, იგი დაბაა. იოანე ბატონიშვილი ფონას ხეფინის ხევის სოფლებს შორის მოიხსენიებს და მიუთითებს, რომ XVIII საუკუნის ბოლოსათვის ფონა `მოსახლეა". ამ გარემოებაზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ამ დროს არაერთ სოფელში, ი. ბატონიშვილის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა არ ჩანს. ამ მხრივ ხეფინის ხევის სოფლები მთლიანად `მოსახლე" ჩანს (ი. ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, თბ., 2986, გვ. 44). დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ფონა გლეხებითურთ (ისევე როგორც ხეფინის ხევის სხვა სოფლები) სახელმწიფო-სახასო მამულია. 1688 წლის აგვისტოს დამლევს, ქართლის მეფე გიორგი, ჩხეიძეებს აძლევს ფონას. სახასო მამულის მებატონისთვის გადაცემას დრამატული მოვლენები მოჰყვა. ამის შესახებ იხ. `ნოზაძეთა საგვარეულოს ხაშურში განსახლების ისტორიისთვის~, გვ.   ). XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან ზემო ქართლმა, მათ შორის ხეფინის ხევმა და ფონამ ლეკთა არაერთი თავდასხმა განიცადა. შესაძლოა ესეც იყოს მიზეზი, რომ 60-იან წლებში ერეკლე მეფე მათ მორიგე ჯარიდან ათავისუფლებს. ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობას სხვა ვალდებულება ეკისრებოდა სამეფო კარისაგან, კერძოდ, თვალყურის დევნება იმ გზებზე და გასასვლელებზე, რომლებითაც ქართლი და იმერეთი უკავშირდებოდა ერთმანეთს და რომლებითაც ლეკებიც ხშირად სარგებლობდნენ. იმავე 60-იანი წლების ერთ-ერთი ბრძანებით ერეკლე მეფე რევაზ ამილახვარს ავალებს კოტილაურის დაცვას და მოითხოვს `რა ერთი კაციც მოუნდეს" მუდმივად ეყენოს იქ. კოტილაური ფონასთან ახლოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ამ გზით შეიძლება მოხვედრა სურამში, ტაშისკარში და ქვიშხეთში. ფონას ტოპონიმებში დასტურდება `ლეკის გზა", რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ლეკები კოტილაურის გავლით ფონაში შემოდიოდნენ.  XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან საქართველოში დაიწყო რკინიგზის მშენებლობა. 1872 წელს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელმა სარკინიგზო ხაზმა ფონაზე გაიარა, სოფელში აშენდა რკინიგზის პატარა სადგურიც. რკინიგზა მოემართებოდა წიფიდან, გაივლიდა ფონას, იტრიას და ჩადიოდა სურამში. დღესაც შემორჩენილია ამ გზის კვალი, ხიდები და სხვა ნაგებობები. ფონას გზით რკინიგზის შემადგენლობა 1890 წლამდე დადიოდა, მაგრამ  ეს მონაკვეთი რკინიგზისათვის საკმაოდ რთული უბანი იყო. ამიტომ, დღის წესრიგში დადგა გვირაბის გაყვანის საკითხი. 1886 წელს დაიწყო და 1890 წელს დამთავრდა წიფის გვირაბის მშენებლობა. 1890 წლის სექტემბრიდან სარკინიგზო მიმოსვლამ გვირაბის მიმართულებით გადაინაცვლა. ამ დროიდან მოყოლებული ფონაზე მიმავალ გზას მხოლოდ გვირაბის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს იყენებდნენ. ფონაზე გადიოდა XX საუკუნის დასაწყისიდან ბაქო-ბათუმის ნავთსაქაჩის მაგისტრალიც. XX საუკუნის 40-იანი წლებიდან სოფელი ფონა თანდათან დაცარიელდა, ზედა ფონადან მოსახლეობა ქვედა ფონაში ჩამოვიდა. შემდეგ კი აქედან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ხაშური, სურამი, ლაგოდეხი, მესხეთი და სხვ.) გაიფანტა. სოფელ ფონაში იყო დაწყებითი სკოლა, კლუბი, ბიბლიოთეკა, საფერშლო-სამეანო პუნქტი. ფონა ცნობილია მარმარილოს საბადოთიც. ფონას ერთგვარი აღორძინება XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, როცა მოსახლეობა სოფელს მიუბრუნდა. ეს პროცესი განსაკუთრებით 90-იანი წლებიდან წავიდა სწრაფად, რასაც ხელი შეუწყო ქვეყანაში განხორციელებულმა მიწის რეფორმამ. არაერთმა მკვიდრმა დაიბრუნა მამა-პაპეული ადგილები და სოფელმა თანდათან იცვალა სახე. ეს განსაკუთრებით ზაფხულობით იგრძნობა, როცა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თავს იყრიან აქედან წასული ნოზაძეები. დღეს ფონაში მუდმივად 15-20 კომლი ცხოვრობს. ფონას სახელწოდების სოფელი არის ლაგოდეხის რაიონშიც. მეტად საგულისხმოა, რომ, როგორც წინაპრები გადმოგვცემენ, ხარაგაულის რაიონში მდებარე სოფელ ფონას ძირძველ მოსახლეობას ნოზაძეები შეადგენდნენ და საერთოდ აღნიშნულ სოფელს ნოზაძეების გვარის ფუძედ ასახელებენ. შემდგომ წლებში ისტორიული წყაროების მიხედვით ნოზაძეები ჩასახლდნენ ქართლში, იმერეთში, კახეთში, მესხეთსა და ოსმალეთშიც კი. ალბათ, შემთხვევით არ იყო, რომ 1988 წელს ნოზაძეების პირველი შეკრება სწორედ სოფელ ფონაში შედგა, სადაც გადაწყდა საგვარეულო კავშირის შექმნა და ყოველწლიური შეხვედრების მოწყობა. დღეისათვის, სოფლის გადაუწყვეტელ პრობლემას, პირველ რიგში, მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია წარმოადგენს, რომლის სიგრძეც სურამიდან მხოლოდ შვიდი კილომეტრია.  მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ნოზაძეთა საგვარეულო კავშირმა _ `ვიკტორ ნოზაძის საზოგადოებამ".

 

 

 

თამაზ ლაცაბიძე

22-23. 01. 07.