ვიქტორ ნოზაძის ცხოვრება და მოღვაწეობა


2011-08-01 19:23:51

ამონარიდი ვიქტორ ნოზაძის შესახებ წიგნიდან "100 დიდებული ქართველი"
ვიქტორ ნოზაძე იმ ქართველ მამულიშვილთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც თითქმის მთელი ცხოვრება სამშობლოს მოშორებულებმა ემიგრაციაში გაატარეს, მაგრამ ერთი წუთითაც არ დავიწყნიათ თავიანთი ქვეყანა და რაც კი გააჩნდათ სულიერი და მატერიალური – მის სამსახურს მოახმარეს ვიქტორ ნოზაძე დაიბადა 1893 წლის 17 სექტემბერს საჩხერის მახლობლად სოფელ წირქვალში. მის მშობლებს ივანე ნოზაძესა და აღათი გაფრინდაშვილს კიდევ სამი შვილი ჰყავდათ: მარო, პალიკო და გიორგი (რომელიც ასევე ძმასთან ერთად ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთში). პატარა ვიქტორმა თავიდან საჩხერის ორკლასიანი სასწავლებელი დაამთავრა, რის შემდეგაც მშობლებმა შეიყვანეს ჯერ ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში, აქედან კი ქუთაისში, სადაც ვიქტორმა ჩააბარა გამოცდები მეექვსე კლასში (1910 წ.). ამ გიმნაზიის დირექტორი იყო დიდი ქართველი პატრიოტი და პედაგოგი იოსებ ოცხელი, რომელმაც აღზარდა მომავალ დიდ მოღვაწეთა და მეცნიერთა მთელი პლეადა. ვიქტორი აქტიურად ჩაება ლიტერატურულ წრეში, თარგმნიდა, წერდა, დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამშობლოს კარგად გასაცნობად (მან შემდგომში მოგონებებშიც დაწერა გიმნაზიაში გატარებული წლების შესახებ. სადაც, სხვათა შორის, ერთი მეტად საინტერესო ფაქტიც არის გადმოცემული, რომელიც ალბათ განსაკუთრებით ქართველ მოსწავლეებს და პედაგოგებს დააინტერესებს: რომ სამასწავლებლო საბჭოს უარი უთქვამს გიმნაზიაში მიღებაზე დავით ბაგრატიონისთვის, რომელიც წერით გამოცდაში ჩაიჭრა), ვიქტორი გიმნაზიაში ბრწყინვალედ სწავლობდა და 1913 წელს იგი ოქროს მედლით დაამთავრა, რის შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. სწავლასთან ერთად იგი არალეგალურ რევოლუციურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, იყო სოციალდემოკრატი (მენშევიკი), (თუმცა ემიგრაციაში ყოფნისას თავისი შეხედულებანი გადააფასა და წმინდა ეროვნულ მოღვაწედ ჩამოყალიბდა). 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი დაბრუნდა საქართველოში და გაზეთ ერთობაში გამოაქვეყნა თავისი სტატია, რომელიც ეხებოდა თებერვლის რევოლუციას. მალე იგი ნოე, ჟორდანიას დავალებით ჩავიდა ქუთაისში პარტიული პრესის ხელმდძღვანელად (გაზეთი ”სოციალდემოკრატი”). ქუთაისიდან დაბრუნებული ვიქტორი სამთავრობო გაზეთის ”საქართველოს რესბულიკის” რედაქტორიც იყო. 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპაში განათლებია მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად გაეგზავნა ნიჭიერი ახალგაზრდების ჯგუფი 70 კაცის შემადგენლობით. ეს ჯგუფი გაემგზავრა 1920 წლის დასაწყისში და განაწილდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა უმეტესობამ მაინც გერმანია არჩია ამ ნიჭიერ ახალგაზრდათა შორის იყო ვიქტორ ნოზაძეც, რომელიც ჯერ ლონდონში ჩავიდა, ხოლო შემდეგ გერმანიაში. უნივერსიტეტი დაამთავრა 1928 წელს და საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. ვიქტორი აქ შეუდგა ჟურნალისტურ და რედაქტორულ საქმიანობას, ჯერ გამოცემდა ჟურნალ ორნატს მერე კი დიდფორმატიან ლიტერატურულ მეცნიერულ და პოლიტიკურ ჟურნალს „კავკასიონი“. (ისიდორე მანწკავასთან და ედუარდ პაპავასთან ერთად) ეს ჟურნალი მის გარდაცვალებამდე გამოდიოდა და უნდა ითქვას, რომ ვიქტორი თავად გახლდათ მისი გამომცემელიც, რედაქტორიც, კორექტორიც, ასოთამწყობიც და ექსპედიტორიც. მან ფაქტიურედ ასკეტივით იცხოვრა, უარყო პირადი ბედნიერება და მთელი თავისი ნიჭი და შესაძლებლობა სამშობლოსათვის სასარგებლო საქმეს შესწირა. ვიქტორ ნოზაძემ დაგვიტოვა უდიდესი მეცნიერული მემკვიდრეობა ათობით ნაშრომი, სტატია და წიგნი ქართველოლოგიის ფრიად აქტუალურ საკითხებზე, ასევე ქართულად მის მიერ ნათარგმნი წიგნი განსაკუთრებით ფასეულია ვიქტორ ნოზაძის რუსთველოლოგიური გამოკვლევების მთელი ციკლი. მან ”ვეფხისტყაოსნის ჩხრეკანი” (ასე ეძახდა იგი თავის კვლევით მუშაობას) ბერლინში დაიწყო 1940 -იანი წლების დასაწყისში. მას ხელში ჩაუვარდა მარჟორი უორდროპის მიერ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ”ვეფხისტყაოსანი” და დაიწყო თარგმნის ორიგინალთან შედარება გულდასმით მუშაობის დროს მან შენიშნა, რომ ვეფხისტყაოსანში ფერებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამას ”ფერთა მეტყველება” უწოდა, რაც მოგვიანებით მისი წიგნის სათაურად იქცა (მ. ქავთარაძე). ომის შემდეგ ვიქტორმა თავისებური ოდისეა გამოიარა იგი ხანგამოშვებით ცხოვრობდა გერმანიაში, ავსტრიაში, არგენტინაში, ჩილეში, ბრაზილიაში, საიდანაც 1960 წელს ჯერ ესპანეთში დაბრუნდა, ხოლო 1963 წელს საფრანგეთში დაფუძნდა თავის ძმასთან გიორგისთან, ლევილის ქართულ მამულში. აქვე მდებარეობდა ქართული სტამბაც და ვიქტორის სამუშაო ოთახებიც. 30 წლის განმავლობაში მან მეტად მძიმე პირებებში მარტოდმარტომ, ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე, დიდი ნიჭისა და ნებისყოფის წყალობით შექმნა და ქართველ ერს დაუტოვა ექვსი შესანიშნავი წიგნი, რომელსაც იგი წლების განმავლობაში თავისი ხელით აწყობდა და ბეჭდავდა კიდეც. ეს გამოკვლევებია:1. ”ვეფხისტყაოსანის ფერთა მეტყველება”-ბუენოსაირესი, 1953 2. ”ვეფხისტყაოსანის  ვარსკვლავთმეტყველება”- სანტიაგო დე ჩილე, 1957 3. ”ვეფხისტყაოსანის მზისმეტყველება”- სანტიაგო დე ჩილე, 1959 ;4. ”ვეფხისტყაოსანის საზოგადოებათმეტყველება”- სანტიაგო დე ჩილე, 1959 5.”ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველება”-პარიზი, 1963 6. ”ვეფხისტყაოსანის მიჯნურთმეტყველება”- პარიზი, 1975 (თუმცა ისიც უნდა აღინიშნის, რომ ჯერ კიდევ 1937 წელს ვიქტორ ნოზაძემ ”ვეფხისტყაოსანის” 750-ე წლისთავს მიუძღვნა ჟურნალ ქართლოსის საგანგებო მე 12 ნომრები. აქ სხვა ცნობილი ავტორების გვერდით დაბეჭდილია მისი სტატიაც ”ვეფხისტყაოსანი ერევნობის კავშირი” უკანასკნელი მე-6 წიგნის გამოსვლას ვიქტორი ვეღარ მოესწრო ; სამი ნაწილი დაბეჭდილი ჰქონდა, მეოთხეს აწყობდა, როცა ავად გახდა და გარდაიცვალა. ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა ვიქტორის ძმამ გიორგიმ ვიქტორ ნოზაძემ დაგვიტოვა აგრეთვე სანახევროდ დამუშავებული მასალები ვეფხისტყაოსანის შესახებ, ესენია:

ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველება” ,

 ”ვეფხისტყაოსანის გონებათმეტყველება” ,

ვეფხისტყაოსანის სულთმეტყველება”,

 ”ვეფხისტყაოსანის მჭევრმეტყველება” ,

”ვეფხისტყაოსანის ფსიქოლოგიის მეტყველება ”,

”ვეფხისტყაოსანის ნებათმეტყველება”,

”ვეფხისტყაოსანის საზოგადოების ცნებანი” ,

”ვეფხისტყაოსანის ცნება ცნობა”,

”ვეფხისტყაოსანის ესთეტიკა ”,

”ვეფხისტყაოსანის ტანთმეტყველება”,

”ვეფხისტყაოსანის გულთამეტყველება”

ამ ნაშრომების დასრულებას ვიქტორ ნოზაძე ალბათ შეძლებდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც მეგობრისადმი მის უსაზღვრო ერთგულებაზე მეტყველებს: 1963 წელს ციურიხში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და ლექსიკოგრაფი კიტა ჩხენკელი. 1958 წელს კიტამ ციურიხში დაბეჭდა 1500 გვერდიანი მონუმენტური ორტომეული გერმანულად ”ქართული ენის შესავალი ”, შექმნა ქართული გამომცემლობა ”ამირანი” ქართული შრიფტით და 1960 წელს დაიწყო 2500 გვერდიანი წიგნის ქართულ გერმანული ლექსიკონის ნაწილ-ნაწილ ბეჭდვა (1961 წელს მას ციურიჰის უნივერსიტეტმა დაუცველად მიანიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი). მეშვიდე ნაწილზე მუშაობის დროს კიტა ჩხენკელი გარდაიცვალა. ეს საქმე ბრწყინვალე ქართველოლოგ ქალებთან, კიტას მოწაფეებთან – იოლანდა მარშევთან, ლეა ფლურთან და რუთ ნოიკომთან ერთად განაგრძო და დიდი შრომის შედეგად 1974 წელს განასრულა სწორედ კიტას ბავშვობის და სტუდენტობის მეგობარმა ვიქტორ ნოზაძემ, ამავე წელს, მისი უშუალო მონაწილეობით, ეს ლექსიკონი დაიბეჭდა 26 ნაწილად და უმაღლესი შეფასება მიიღო მსოფლიოში აღიარებული უცხოელი სპეციალისტებისაგან (გურამ შარაძე- ”უცხოეთის ცის ქვეშ”  წიგნი I :” საქართველოში ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ ღრმა ცოდნითა და მეცნიერული კეთილსინდისიერებით შექმნილ ვიქტორ ნოზაძის ქართველოლოგიურ ნაშრომებს: ”გამოგებანი ვეფხისტყაოსანისა” (1971), „კაცი ვარ, ადამიანი, ვეფხისტყაოსნის მიხედვით“ (1981), „ილია ჭავჭავაძე“ (1973), „საქართველო კავკასიაში და მისი გეზი“ (1939), „პარიზის ადამიანის მუზეუმში“ (1939), „ბრძოლა მესხეთის გამო“ (1939), „ნაპოლეონი და საქართველო“. დაუბეჭდავია მისი თხზულებები: „გარდასულ ჟამთა საქმენი და ამბავნი“ (1958), „ვაჟა ფშაველა“ (მცირე მოგონება, 1962), „იოსებ ოცხელი“ (მოგონება, 1967), „ ლტოლვილთა საძვალენი“ (1971). ზემოთ დასახელებულ „ორნატთან“ და „კავკასიონთან“ ერთად იგი უშვებდა სხვა ჟურნალებსაც – „თეთრი გიორგი“, „ქართლოსი“, „მამული“ და სხვა.1966 წელს პარიზში, ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით გამოიცა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი „კავკასიონის“ საგანგებო ტომი, რომელშიც, სხვა ავტორთა ძალზე მნიშვნელოვან ნაშრომებთან ერთად შევიდა ვიქტორ ნოზაძის 10–ზე მეტი რუსთველოლოგიური ხასიათის გამოკვლევა, რომლებშიც განმარტებული იყო „ვეფხისტყაოსნის“ ესა თუ ის ძნელად გასაგები ადგილები. მათ შორის ძალზე საინტერესოა „ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს“, „ლეოპარდუს, პანთერა, ტიგრ, ვეფხი“, „მოლი რამე წამოისხა“, ვით კატასა ვხოცდი ლომსა“, „ძოწეულითა მოსილი“, „მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს“, „მისთვის გულ–ლახვარ სობილი“. აქვეა დაბეჭდილი ვიქტორ ნოზაძის ბრწყინვალე გამოკვლევა „დანტე–რუსთაველი“ და სხვა . მეცნიერულ კვლევას ეწეოდა ვიქტორის ძმაც – გიორგი ნოზაძე, რომელსაც ეკუთვნის მრავალი სტატია ქართულ მხატვრობასა და სხვა საკითხებზე. 1963 მან იმოგზაურა ათონის ქართულ მონასტერში ალექსანდრე კინწურაშვილთან ერთად. გიორგი ნოზაძის ცნობით, ათონის ქართული მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერი იყო ტიხონ ფაღავა, რომელიც აღესრულა 1956 წელს 90 წლის ასაკში. ვიქტორ ნოზაძე 1975 წლის 24 აპრილს ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, იგი დაკრძალეს ლევილის ქართულ მამულში, პარიზის მახლობლად. თავის დროზე, 1943 წელს, როცა პარიზში გარდაიცვალა ერთ–ერთი ქართველი ემიგრანტი შალვა ამირეჯიბი, მისი ნეკროლოგი ვიქტორ ნოზაძეს დაუწერია. საოცარია, თითქოს საკუთარ თავზე ამბობდაო ამ სიტყვებს: „კიდევ ერთი, საქართველოში დაბრუნებას მოწყურებული, სამშობლოს ხილვით მშიერი, მძიმე, რთული განცდებით შეპყრობილი ქართველი კაცი გარდაიცვალა უცხოეთში“...ძალზე მძიმე წარმოსადგენია, რა მტკივნეული იქნებოდა თავისი სამშობლოსაგან მუდმივად შორს ყოფნა მასზე მთელი არსებით შეყვარებული ისეთი მამულიშვილისათვის, როგორიც იყო ვიქტორ ნოზაძე. სანუგეშოდ მხოლოდ ერთს თუ ვიტყვით – ეს დიდი ადამიანი მართლაც ვალმოხდილი წავიდა იმქვეყნად.    

 (ტექსტი ამონარიდია წიგნიდან მაგრამ რამდენიმე ადამიანმა მთხოვა მიმეწერა დაზუსტება- დაბადების ადგილი, იგი დაიბადა არა სოფელ წირქვალში არამედ სოფელ მოძვში)