ნოზაძე– გვარის ისტორია


2011-08-01 17:16:44

ნოზაძე

ღვთისა და ერის სამსახურში დგომა ქართველ კაცს ოდითგანვე ჰქონდა გაცნობიერებული. ყოველი ქართველის შეგნებაში იდო, რომ ერთი შენაკადი იყო იმ დიდი მდინარისა, რომელსაც საქართველო ჰქვია. იცოდა, რომ საგვარეულოთა თანადგომით უძლებდა ქართველი ხალხი უამრავ ჭირ-ვარამს. ნებისმიერი გვარის წარმოშობა, გამრავლება და განსახლება უშუალო და პირდაპირ კავშირშია ერის ბედთან, რადგანაც სწორედ ცალკეულ ქართულ საგვარეულო ისტორიათა ჯამი, კრებული წარმოადგენს საქართველოს ბოლო ასწლეულების ისტორიას. თითოეული საგვარეულო ერის სიმდიდრეა, განუმეორებელი და თვითმყოფადია თავისი არსით. შესაბამისად, გვარში შემავალი ყოველი ადამიანიც ერის ისტორიის ნაწილია, მისი ჯვრის მტვირთველი. გვარის წინაშე ღირსების დაცვა, შესისხლხორცებული ჰქონდა საგვარეულოს თითოეულ წევრს, რამეთუ ოდითგან კარგი კაცობა კარგი გვარობის განმსაზღვრელი იყო. ზოგიერთ რჩეულ გვარიშვილთა ნამოღვაწარი უძველეს მატიანეთა ფურცლებზეა დაცული. ზოგიერთის ღვაწლი და საგმირო საქმენი კი ხალხის ხსოვნაშია შემონახული და თაობიდან თაობას გადაეცემა. ქართლის ცხოვრების - საქართველოს ისტორიის ციხე-სიმაგრის მშენებლობაში თავისი წილი აგური ნოზაძეთა ძირძველმა და სახელოვანმა გვარმაც დადო. წინაპრის საკუთარ სახელიდან მოუდით გვარსახელის ფუძე ნოზაძეთ. `ნოზა~ _ პირსახელი ყოფილა კაცისა ძველ საქართველოში. ამგვარად, მემკვიდრეობითი სახელი ნოზაძე ეპონიმური ტიპის პატრონიმთა რიგს განეკუთვნება, ჩვენს შემთხვევაში მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის, საგვარეულოს ფუძემდებლის ანთროპონიმი. საქართველოში, გარდა ნოზაძისა სხვა დერივატული (მსგავსფუძიანი) ფორმის, `ნოზ~ _ ძირიანი ქართული გვარსახელი არ გვხვდება (ა. სილაგაძე, ა. თოთაძე; `გვარ-სახელები საქართველოში~; თბ. 1997 წ; გვ. 154). გვარსახელი ერთი აქვთ და ძირადაც (სისხლად) ერთნი უნდა უნდა იყვნენ  ნოზაძენი, ჩვენის აზრით ნოზაძეთა გვარჩამომავლობის ფუძე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთში უნდა ვეძიოთ, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, ნოზაძეთა საგვარეულოს შიდა ქართლიდან წარმომავლობის თაობაზე. ნოზაძეთა გვარმოდენილობის ბუდე-პირველსაცხოვრისის ზემო იმერეთში მდებარეობის ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ ამჟამინდალ ხარაგაულის რაიონის სოფელ ფონაში ნოზაძეთა საგვარეულოს, წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი დგას. ეთნოგრაფიულ იმერეთს აღმოსავლეთიდან ლიხის მთა ქართლისაგან გამოჰყოფდა. სამხრეთით იმერეთს სამცხე ესაზღვრება, ჩრდილოეთით _ რაჭა და ლეჩხუმი, დასავლეთით _ სამეგრელო, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით _ გურია. იმერეთი ორ ნაწილად _ ზემო იმერეთად და ქვემო იმერეთად იყოფა. ზემო იმერეთი ქართლ-იმერეთის ქედიდან იწყება და აღწევს იმ ადგილამდე, სადაც მდინარეები ყვირილა (ჩრდილოეთიდან) და ხანისწყალი (სამხრეთიდან) მდინარე რიონს ერთვიან. ქვემო იმერეთი მოიცავს ტერიტორიას მდინარე ყვირილას შესართავიდან ცხენისწყლამდე. ქვემო იმერეთი კოლხეთის დაბლობზეა გაშლილი. ის მეტნაკლებად პლატოა, ვაკეა, ხოლო ზემო იმერეთი მთაგორიანი მხარეა. გარდა ზემო და ქვემო იმერეთისა, იმერეთში გამოიყოფა აგრეთვე ოკრიბა, რომელიც ძირითადად დღევანდელი ტყიბულის რაიონია.  ზემო იმერეთი~ ფეოდალური ხანის გვიან საუკუნეებში გაჩენილი ტერმინია. უფრო ადრე იმერეთის აღმოსავლეთი მხარის სახელწოდება არგვეთი (მარგვეთი) იყო. ლეონტი მროველის ცნობით არგვეთი (მარგვეთი) მოიცავდა ტერიტორიას რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე და ლიხის ქედიდან რიონამდე. თავდაპირველად არგვეთში შედიოდა ოკრიბაც. არგვეთი საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეული იყო. არგვეთს ერისთავი მართავდა. ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, არგვეთში ქართლის პირველ მეფეს _ ფარნავაზს დაუსვამს ერისთავი. ვახტანგ გორგასლის დროს (V საუკუნე) არგვეთი თაკუერთან (შემდეგდროინდელი რაჭა და ლეჩხუმი) ერთად ერთ საერისთავოს შეადგენდა. როგორც ჩანს, თავდაპირველად, ფარნავაზ მეფის დროს, `მარგვი~ მთლიანად დღევანდელი იმერეთის სახელწოდებაც იყო: `ერთი გაგზავნა მარგვს ერისთავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღურდამდე ეგრისისა, რიონს ქვემოთ~ (`ქართლის ცხოვრება~; ტ. I; თბ. 1955 წ; გვ. 24). ასეთივე ვითარება გვქონდა ისტორიკოს ჯუანშერის ტექსტის მიხედვით VIII საუკუნის დასაწყისში. ის ჩამოგვითვლის დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ რეგიონებს: ეგრისს, სუანეთის, თაკუერს, არგვეთს და გურიას (`ქართლის ცხოვრება~; ტ. I; თბ. 1955 წ; გვ. 241). როგორც ვხედავთ, აქ იმერეთი საერთოს არაა დასახელებული. შემდეგ თანდათან `არგვეთი~ დღევანდელი იმერეთის აღმოსავლეთ ნაწილზე ვრცელდება. დასავლეთ ნაწილს კი `სამოქალაქო~ ერქმევა. დავით აღმაშენებლის დროს `დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა~ (`ქართლის ცხოვრება~; ტ. I; 1955 წ; გვ. 319). რაც შეეხება `ოკრიბას~ ის პირველად XI საუკუნის საბუთში იხსენიება (`ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი~ ტ. I; თბ. 1984 წ; გვ. 43); ხოლო `იმერეთს~ პირველად იხსენიებს დავით აღმაშნებლის ისტორიკოსი: `მას ჟამსა მეფე გარდავიდა იმერეთს~ (`ქართლის ცხოვრება~; ტ. I; თბ. 1955 წ; გვ. 331). მაგრამ, მასში ეთნოგრაფიული იმერეთი იგულისხმება, თუ პოლიტიკურ-გეოგრაფიული (დასავლეთ საქართველოს მნიშვნელობით), გაუგებარია.  მართალია, საქართველოს ყველა ეთნოგრაფიული რეგიონი გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით, მაგრამ იმერული სტუმარმასპინძლობის წესები განსაკუთრებულია. იმერელი გლეხკაცი თავისი ეტიკეტითაც ცნობილი იყო. ვახუშტი ბაგრატიონი იმერლებს შემდეგნაირად გვიხასიათებს: `ხოლო კაცნი და ქალნი, ვითარცა ვსთქუთ, ეგრეცა იუწყე, გარნა უშუენიერესადცა და უუჰაეროვნესადცა,  ვინაითგან გლეხთაცა შვილნი მიგვანან წარჩინებულთა შვილთა. სუფთანი სამოსელთ გამწყსონი; ეგრეთვე ცხენთა, და იარაღთა, და საჭურველთა, ცქვიტნი, კისკასნი, ენატკბილნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ბრძოლასა შემართებელნი და ძლიერნი, და არა სულგრძელნი მას შინა და სხუითა შინაცა, უხუნი და მომხუეჭენი, დღეისის მძიბელნი, ხუალისის არა გამმკითხველნი, მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი. სარწმუნოებითა და ენით არიან ქართველთა თანა აღმსაარებელნი არამედ უცქვიტესად მოუბარნი~ (ვ. ბატონიშვილი `აღწერა სამეფოსა საქართველოსა _ ქართლის ცხოვრება~; ტ. IV; თბ. 1973 წ; გვ. 745-746).  თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენამდე მოღწეულ წერილობით წყაროებში, ლიხთ-იმერეთს მოსახლე ნოზაძეთა გვარმოდენილობა მცირე რაოდენობით იხსენიება, რასაც გარკვეული მიზეზები გააჩნია. დასავლეთ საქართველოს ნოტიო ჰავა კატასტროფული სიჩქარით იწვევდა უძველესი დოკუმენტების დაზიანება-განადგურებას. ამასთანავე აღმოსავლეთ საქართველოსთან (იგულისხმება ქართლი) შედარებით, იმერეთის სამეფოში ნაკლებად ჩამოყალიბებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა (საუბარია იმ ბიუროკრატიულ აპარატზე, რომელიც ნებისმიერი ფაქტის: ბოძების, ყიდვა-გაყიდვის, აზატობა-თარხნობის და სხვადასხვა ხასიათის ნუსხებისა თუ აღწერების შექმნასა და შენახვას უზრუნველყოფს), აგრეთვე ნგრევამ, ძარცვამ და სისხლთა წვიმებმა ქართლის ცხოვრებას განუწყვეტლივ თან რომ სდევს, ჩვენამდე მოღწეულ წერილობით და ისტორიულ წყაროთა სიმწირე განაპირობა. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ნოზაძეთა მემკვიდრეობითი სახელი, თავდაპირველად - XVII საუკუნიდან, ქართლის სამეფოში შემდგარ სიგელ-გუჯარში ფიქსირდება. XVII საუკუნის II ნახევრით თარიღდება როსტომ საღირაძის მიერ ბერ ენუქაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნი, რომელსაც პატა ნოზაძეც ამოწმებს:`ქ (ქრისტე). ნებითა ღთისათა ესე ნასყიდობის წიგნი მოგეცით ჩვენ, საღირაძემა როსტომმა, ქიტუამა, ესტატემა, შვილმან ჩემა ტატიამ და მომავალთა სახლისა ჩვენისა ან შენ, ენუქაშვილის ბერს, ქიტიას, მწყერას და ბატატასა, მომავალთა სახლისა თქვენისათა; _ ასე რომე დაგვეჭირა და მოგყიდე გორას უკან ორის დღისა მიწა, ზევით თავში ჩვენის მიწის მიდგმამდინ, საქვენაქროთ ერთაწმინდის გზამდინ, ქვევით ბოლოს გორამდინ. ავიღევით ფასი სრული და უკლებელი. არა კაცი არ გედავებოდეს, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან. არიან ამისი მოწამენი ობიაშვილი ოთარა, ბასილიშვილი ნიშა, კორკოტაშვილი გიორგი, პატა ნოზაძე, ელისაბედაშვილი ელისე, გედავანიშვილი ივანე, ხუციშვილი იასე, მე გედავანიშვილს ფადისას დამიწერია და მოწამეცა ვარ~.  (ხელნაწერთა ინსტიტუტი; Qდ_9195). იმავე პერიოდით, XVII საუკუნის II ნახევრით თარიღდება ქართლის სადროშოს აღწერის დავთარი, რომელშიც წაბლოვანას (სოფელი ხაშურის რაიონში), საუფლისწულო მამულებში მოსახლე, მოყალნე გლეხ პატა ნოზაძეის ერთი კომლი იხსენიება. ნუსხიდან აგრეთვე ირკვევა, რომ პატა ნოზაძეს ყოლია ძმები სტეფანა და გიორგი ნოზაძეები და მათი ნაშიერი ერთი ვაჟი (დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მოგვაქვს ის ადგილი რომელიც ნოზაძეთა გვარმოდენილობას შეეხება):

... ქ. წაბლოვანს საუფლისწულოს მსახლობელი მოყალნე.

ქ. წაბლოვანას ნოზაძე პატა კუამლი ერთი,

მისი ძმა სტეფანა ერთი, გიორგი ერთი, 

იმათი ნაშენი ერთი ვაჟი.

ქ. ტაბატაძე ზაზუნა კუამლი ერთი, 

მისი ძმა დათუნა ერთი,

იმათი ნაშენი ოთხი ვაჟი.

ქ. პატარაძე სეხნია კუამლი ერთი,

ძმა იმისი სეხნია ერთი, პაპუნა ერთი, ივანა ერთი, ნადირა ერთი,

იმათი ნაშენი ორი ვაჟი.

ქ. ტაბატაძე თამაზა კუამლი ერთი, 

ძმისწული მისი ძამუკა ერთი, დათუნა ერთი, 

იმათი ნაშენი ოთხი ვაჟი.

ქ. ეკალაძე დათუნა კუამლი ერთი, 

შვილი მისი ერთი ვაჟი.

ქ. შუბითიძე ოთია კუამლი ერთი,

ძმა მისი გერმანე ერთი, თამაზა ერთი, 

იმათი ნაშენი ხუთი ვაჟი ...~

(ხელნაწერთა ინსტიტუტი; Qდ_7017).

პირველ საბუთსა და ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილ დოკუმენტში მოხსენიებული პატა ნოზაძე ერთი და იგივე პირი უნდა იყოს.

1662 წლით თარიღდება ბეჟან დვანელაშვილის მიერ ზაალ იორამისშვილისათვის მიცემული გირავნობის წიგნი, რომელსაც გიორგი ნოზაძეც ადასტურებს (ც.ს.ს.ა; ფონდი 1450; დავთარი # 21; საბუთი # 205).

1667 წელს უნდა შეედგინათ პაპუნა ფავლენიშვილის მიერ დედოფლის დეკანოზ დავითისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნი. საბუთს გასიტა ნოზაძეც ამოწმებს: 

`... ესე უთუო დაუდებელი და უმიზეზო სიგელი და წიგნი მოგეცი მე, ფავლენისშვილმა პაპუნამა და შვილმა ჩემმა ქაიხოსრომა და სიმონმა, და სოლომანმა შენ, დედოფლის დეკანოზ დავითისათვის. ახლა ასე რომ დამეჭირა და მოგყიდე ჩემს ბარათში ნარგები დემეტრეს ნაქონი მამული, შენის მამულის ნაჭერი, თავისის სახლით და მამულით, და წყლით და გზითა, და შესავლითა და გასავლითა ყოვლის სამართლიანის სამძღვრითა და ქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმა, როგორც ერთს ალალს მონასყიდეს მოხმარებიყოს, ისე შენ მოგახმაროს ღმერთმან. არის ამისი მოწამე თავათ ღმერთი და კაცთაგან ბოქაურთუხუცესი ზურაბ და გიორგი და შარიმანასშვილი გარა, დალაქისშვილი ბეჟანა და ბედიასშვილი გარსია, ოვაღასშვილი გოგია, და ნოზაძე გასიტა და მე მამასახლისს კოლას დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისი სიტყვით. დაიწერა ...~ (ხელნაწერთა ინსტიტუტი; Qდ_9611). 1700 წლის 9 მაისს დაწერილა პაპუნა ფავლენიშვილის მიერ ვალსა იორამისშვილისათვის მიცემული დვანში (სოფელი ქარელის რაიონში) მდებარე მამულის ნასყიდობის წიგნი, რომლსაც ნოზაძის (სახელი არ ფიქსირდება) ნერგიც ესაზღვრებოდა. საბუთს დვანს მოსახლე ზაქარია ნოზაძეც ადასტურება (ც.ს.ს.ა; ფონდი 1450; დავთარი # 31; საბუთი # 220). XVIII საუკუნის დამდეგს უნდა ეკუთვნოდეს ზემო ქართლის საკომლოების ნუსხა, რომელშიც სატივეს (ხაშურის რაიონის სოფლების დიდი და პატარა სატივეს გავრცელებული სახელწოდება) მოსახლე ბიძინა, ლაზარე და ღონია ნოზაძეთა და წაბლოვანას (წაბლოვანა - სოფელი ხაშურის რაიონში) მცხოვრევი ჩინელი (პირსახელი) ნოზაძეის კომლები იხსენიებიან (დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მოგვაქვს ის ადგილი რომელიც ნოზაძეთა გვარმოდენილობას შეეხება):

`... ქ. სატივეს მსახლობელი კაცი კვამლი ათანასე გელიაშვილი - ა (1).

ქ. გივი ღანბაშიძე, კვამლი - ა (1).

ქ. გოგია ღანბაშიძე, კვამლი - ა (1).

ქ. ხუციშვილი ბასილი, კვამლი - ა (1).

ქ. ხუციშვილი ალექსა - ა (1).

ქ. სარაჯი გელია - ა (1).

ქ. ქიტნაშვილი დათუნა - ა (1).

ქ. გელიაშვილი, კვამლი - ა (1).

ქ. ქურციკაშვილი შემაზა, კვამლი - ა (1).

ქ. პაპაშვილი მამულა, კვამლი - ა (1).

ქ. ბოჭორაძე ივანე, კვამლი - ა (1).

ქ. პატარიძე ოთია, კვამლი - ა (1).

ქ. ნოზაძე ღონია, კვამლი - ა (1).

ქ. ბიძინა ნოზაძე, კვამლი - ა (1).

ქ. გიგუა, კვამლი - ა (1).

ქ. შუნბითიძე ბასილა, კვამლი - ა (1).

ქ. შუნბითიძე ბეჟუა, კვამლი - ა (1).

ქ. იქავ სატივეს აყრილი თამაზა ღანბაშიძის მამული - ა (1).

ქ. ხუციშვილის მარცვალას მამული - ა (1).

ქ. ხუციშვილის მამული - ა (1).

ქ. თამაზა ოსაძის მამული - ა (1).

ქ. ქურციკაშვილის ნადირას მამული - ა (1).

ქ. ლაზარეს ნოზაძის მამული - ა (1).

ქ. პაპნიასშვილის ნახევარი მამული - ა (1).

ქ. სარაჯი ოღრძელის მამული - ა (1)... 

... ქ. წაბლუანს მსახლობელი კაცი ეკალაძე კვამლი - ა (1).

ქ. მახარებლიშვილი ბერი კვამლი - ა (1).

ქ. მახარებლიშვილი გიორგი კვამლი - ა (1).

ქ. მახარებლიშვილი თამაზა - ა (1).

ქ. პეტრიაშვილი დათუნა კვამლი - ა (1).

ქ. პატა ტაბატაძე კვამლი - ა (1).

ქ. თამაზა ტაბატაძე კვამლი - ა (1).

ქ. ჯვარელიძე ბერუკა კვამლი - ა (1).

ქ. ვერგილაშვილი კვამლი - ა (1).

ქ. ნოზაძე ჩინელი კვამლი - ა (1).

ქ. გიორგი დურგალი კვამლი - ა (1).

ქ. პატა ტაბატაძე კვამლი - ა (1) ...~

(ხელნაწერთა ინსტიტუტი; Qდ_7014).

ზუსტად იმავეს იმეორებს, XVIII საუკუნის I ნახევრით დათარიღებული შიდა ქართლის ხალხის აღწერის დავთარის ნაწყვეტი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია:

`... ქ. სარაჯი აბელია - ა(1).

ქ. ქიტინაშვილი ჯღნკო - ა(1).

ქ. შუნბითიძე - ა(1).

I შვილი ალექსა - ა(1).

ქ. შუნბითიძე ბასილა - ა(1).

ქ. ნოზაძე ღონია - ა(1).

ქ. ნოზაძე ბერი- ა(1).

ქ. გიგუა - ა(1).

ქ. კიტრაძე ოთია - ა(1).

ქ. მამულა- ა(1).

ქ. ქურციკაშვილი შემაზა - ა(1).

ქ. ბოჭორაძე - ა(1).

ქ. მსახლობელი ეს არის - ა(1).

იქავ სატივეს აყრილისა კაცისა მამული.

ქ. სარაჯი ოღრძელი - ა(1).

ქ. ოსაძე თამაზ - ა(1).

ქ. ქურციკაშვილი ნადირისა - ა(1).

ქ. თამაზა ღამბაშიძე - ა(1).

ქ. ნოზაძე ლაზარეს მამული - ა(1).

ქ. კლდისწყაროს მსახლობელი ბოგანო.

ქ. ჭალიძე ნიკოლოზ - ა(1).

ქ. ჭალიძე იორდანე - ა(1).

ქ. ჭალიძე ბეჟუა - ა(1).

ქ. ჭალიძე ბერუკა - ა(1).

ქ. პეტრიაშვილი ნადირა - ა(1).

ქ. პეტრიაშვილი ქიტია - ა(1).

ქ. პეტრიაშვილი ხუცესი - ა(1).

ქ. პეტრიაშვილი თამაზა - ა(1).

ქ. ბიწაძე ივანა - ა(1).

ქ. გომნიაშვილი - ა(1).

ქ. შაქარაშვილი - ა(1).

ქ. პეტრიაშვილი ბერუკა - ა(1).

ქ. პეტრიაშვილი ანტარა - ა(1).

ქ. კლდისწყაროსა მსახლობელი ბოგანო ეს არის და აყრილი ერთი იმერელი.

ქ. წაბლოანს მსახლობელი.

ქ. ეკალაძე - ა(1).

ქ. მახარებლიშვილი გიორგი - ა(1).

ქ. მახარებლიშვილი თამაზა - ა(1).

ქ. მახარებლიშვილი რევაზა - ა(1).

ქ. პეტრიაშვილი ნადირა - ა(1).

ქ. ტაბატაძე პატა - ა(1).

ქ. ტაბატაძე თამაზა - ა(1).

ქ. ტაბატაძე პატა კიდევა - ა(1).

ქ. ჯვარელიძე - ა(1).

ქ. ვერგილაშვილი- ა(1).

ქ. ნოზაძე - ა(1).

ქ. ბოგანო დურგალი - ა(1).

ქ. აყრილი შუნბითიძე - ა(1).

ქ. ოსაძის ელიკას მამულ - ა(1).ი

ქ. გოგნა პეტრიაშვილი - ა(1).

ქ. მახარებლიშვილი ნადირას მამული - ა(1) ...~

(ხელნაწერთა ინსტიტუტი; Qდ_8637).

1715 წლით შეუდგენიათ რუისის საეპისკოპოსოს სამწყსოს აღწერის დავთარი, რომელშიც ტეზერს (სოფელი ხაშურის რაიონში) მცხოვრები ნოზაძეთა ორი კომლი იხსენიება 

`... მემესამე სახუცო ტეზერი

ქ. ჩიკოიძე შიო: საწირავი აძეს

ქ. ბუჟღულაშვილი ზაქარია:

ქ. ბუჟღულაშვილი ოტრა:

ქ. ბუჟღულაშვილი სეხნია:

ქ. ბუჟღულაშვილი ბერი: საწირავი აძეს

ქ. ბეროზაშვილი მამუკა:

ქ. ბეროზაშვილი დათუნა:

ქ. ოთიაშვილი მამუკა:

ქ. წვერიანიშვილი ბერი:

ქ. ძულიაშვილი ბერუა:

ქ. ძულიაშვილი ნასყიდა:

ქ. ძულიაშვილი თამაზა:

ქ. არავიაშვილი მამისა:

ქ. არავიაშვილი თამაზა:

ქ. არავიაშვილი ბერუკა:

ქ. არავიაშვილი გოგია:

ქ. არავიაშვილი ინდუა:

ქ. ჩაჩანიძე რამაზა:

ქ. ჩაჩანიძე ბასილა:

ქ. მწეველიძე გიორგი:

ქ. მწეველიძე პაატა:

ქ. ჭყოიძე ივანე:

ქ. ლაბაბიძე მახარა:

ქ. კაპანაძე გოგილა:

ქ. კაპანაძე დათუნა:

ქ. ნოზაძე გიორგი:

ქ. ნოზაძე პაპუნა:

ქ. თომაძე პეტია:

ქ. ღამბაშიძე ზურაბა:

ქ. ღამბაშიძე პაპუნა:

ქ. ბითაძე პაატა:

ქ. ბითაძე ბერი:

ქ. ბითაძე ზაქარია:

ქ. ღონღაძე გიორგი:

ქ. დევაძე მამუკა:

ქ. გუდაძე დავით:

ქ. არავიაშვილი თადეოზ: მღვდელი ...~

(ექ. თაყაიშვილი; `არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები~; წიგნი I; ტფილისი 1907 წ; გვ. 188).

ადრევე გადასულან ნოზაძენი შიგნით კახეთს.

XVIII საუკუნის I მეოთხედს მიეკუთვნება კახეთის ხალხთა აღწერის დავთარი, რომლისაც ჩვენამდე მხოლოდ რვა ნაწყვეტმა მოაღწია (ხელნაწერთა ინსტიტუტი: Hდ-1603, Hდ-1605, Hდ-1607, Hდ-1608, Hდ-1609, Hდ-1610, Hდ-1625, Hდ-5186). ნუსხებს ჟამთა უკუღმართობის გამო ქიზიყისა და თუშ-ფშავ-ხევსურეთის აღწერები აკლია.

დავთარში სოფელ კაკაბეთს მცხოვრებ ალავერდელ ეპისკოპოსის გლეხთა შორის ნოზაძის (სახელი არ ფიქსირდება) ერთი კომლი იხსენიება:

`... ქ. არს კაკაბეთს ბატონის ალავერდელის ყმა: ...

... ქ. ნოზაძე . . . კომლი ა (1), თავი ა (1), თოფი ა (1) ...~

(ხელნაწერთა ინსტიტუტი ; Hდ-1603).

დავთრიდან ირკვევა, რომ კაკაბეთს მოსახლე ნოზაძის კომლიდან ერთ მამაკაცს, კახეთის სამეფო ლაშქრის: შუამდგომ - მეფის ალმის მპყრობელ სადროშოში, ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშის ქვეშ, თოფით გამოსვლა სდებია ვალად.

1727 წლის 22 თებერვლის დაწერილა თავად კონსტანტილე დავითიშვილს (ბაგრატიონი) მიერ მდივნ ბეჟან აბაზაძისათვის მიცემული ვალის აღების წიგნი. საბუთის მოწმეთა შორის კონსტანტილე დავითიშვილის სახლთხუცესი, ჩვენ მიერ უკვე მოხსენიებული, ჩინელი (პირსახელი) ნოზაძე ფიქსირდება: 

`ქ. ავიღე მე, დავითისშვილმან კონსტანტილემ, შვილმან ჩემმან იესემ, ასე რომე დაგვეჭირა და ავიღევით თქვენ, აბაზაძის ბეჟან მდივნისაგან რევაზისაგან და ზურაბისაგან ოთხი თუმანი თეთრი, რასაც ხანს ხელთ დაყოს, თვეში თუმნის თავს აბაზი სარგებელია, ამის გირაოდ დაგიდევით სატივეს კიტრაძე ოთია მისის ძმისწულებითა და მამულითა, კიდევ ჩემსა ხოდაბუნში ოცის დღისა მიწა. რასაც ხანს ეს შენი თეთრი ჩემს ხელთ იყოს, ამის სარგებელში ეს გირაოები უნდა გეჭიროს და მოიხმარო, სხვა სარგებელი არაფერი იქნება ჩემზედ. არის ამისი მოწამე და გამრიგე ჩემი სახლთხუცესი ლევან და ნოზაძე ჩინელი, გარსევანისშვილი გიორგი, ხოსიტაშვილი ავთანდილი, მოლარეთხუცესი გივი, ნაცვალი გიორგი, კელემანლისშვილი ბიძინა, ლოინანთ ასატურა, ფანდუაშვილი გრიქოლა, მე კალატოზიშვილს მელქისედეკს დამიწერია და მოწამეც ვარ. დაიწერა თამასუქი ესე თებერვლის ოცდაორს გასულს, ქორონიკონს უიე (1727 წ.). თუ ამაზედ გაგანაწყენოსთ ვინმე, მე ლევან (რიკაძე) და ნოზაძემ (ჩინელი) ამისი პასუხი გაგცეთ~. (`საქართველოს სიძველენი~; ტ. II; რედაქტორი: ექ. თაყაიშვილი; ტფილისი 1909 წ; გვ. 338-339; საბუთი # 289).XVIII საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება სულხან მარტიროზიშვილის მიერ კოსტადილეს (დავითიშვილი) შვილ იესესათვის მიცემული გადაწყვეტილების წიგნი. ამ დოკუმენტსაც ჩინელი ნოზაძეც ადასტურებს: `ქ. ესე წიგნი მოგეცი გრდაწყვეტილობისა მე, სულხან მარტიროზისშვილმა და ძმის წულმა ჩემა პატარკაცმა, თქვენ, კოსტადილეს შვილს იესესა, ასრე რომე ჩემს ძმასა ოცი მარჩილი ემართა, თამასუქსა მთხოვდი და თამასუქი არა მქონდა და მელაპარაკებოდი. არც მე მქონდეს ხელი, არც სხვას კაცსა, სადაც თამასუქი გამოჩნდეს, ამ წიგნმა გამტყუნოს. არის ამისი მოწამე წაბნალი ნოზაძე ჩინელი, ხუცისშვილი ზურაბა, მე, ტერ-ოვანას, დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისი.~ (ხელნაწერთა ინსტიტუტი; Hდ-3810).

1747-1749 წლებში უნდა მიემართა არზით მერალიბექ ციციშვილს, იმ ხანად ბატონიშვილ შემდგომში ქართლ-კახეთის მეფე ერეკლესათვის (ერეკლე II) მისთვის სამართლის მიცემის თაობაზე, რომელსაც თან ერთვის ძამის ციხეში მტრისაგან დატყვევებულ და გასაყიდელ აზნაურიშვილთა და გლეხთა ნუსხა. სიაში სახასო გლეხთა და მსახურთა შორის ნოზაძეთა  (სახელი არ ფიქსირდება) ერთი კომლია მოხსენიებული (ც.ს.ს.ა. ფონდი 1448 საბუთი #5048 ა).  ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე, 1750 წელთან ახლო ხანით დათარიღებულმა ქართლის დიდ თავასდ დავითიშვილთა წილის ბარათის ერთმა ნაწყვეტმა, რომელშიც ვკითხულობთ:  `... ქ. ერთწილად სატივეს ნოზაძე ღონია, ლაზარეს ნახევარი მამული ამაზედ აძეს, დღეს რისაც მამულის მქონებელი იყოს, ერგო კოსტანტილეს ...~  (ხელნაწერთა ინსტიტუტი; Hდ-1163). საბუთში ნახსენები სატივეს (დიდი და პატარა სატივე - სოფლები ხაშურის რაიონში) მოსახლე ღონია ნოზაძე კოსტანტილე დავითიშვილის წილხვედრი გლეხი ჩანს.  1781 წლის 10 ივნისს დაწერილა ამილახვარ-მდივანბეგის იესესათვის მირთმეული, დვანს (სოფელი ხაშურის რაიონში) მოსახლე ოქრომჭედლიშვილის ქვრივის არზა, რომელშიც ორად გაყრილი ნოზაძე კომლები იხსენიება:  ღმერთმან ბატონის ამილახვარ-მდივანბეგის ჭირი დვანელის ოქრომჭედლიშვილის ქვრივსა და ობლებს მისცეს.  ჩემო ხელმწიფევ, ჩვენი თავი და ყმა და მამული ხომ თქვენ მოგაბარათ და მაინც ვალი გაქვსთ. ქართლის სარდალი ბრძანდებით, ჩვენის ყმისა და მამულის ამბავი სიყრმიდგან თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, რისაც მქონებელი ვყოფილვართ. შარშან მერგებოდა ორმოცი კოდი ბარა და თათუზამ წამართვა, არა დამანება რა ჩემის მამულიდამ და წრეულაც სულ იმას წაუღია ჩემის მიწებიდამ. მოგეხსენებათ, იმას იმ ქვეყანას ერთი კვამლი ორად გაყრილი ნოზაძე ყვანდა, ერთ წეკია ყვანდა. ახლა შალიკასშვილის მამული უშოვია, როდის ვედავები, ნახევარი დვანი ჩემია; და თავისი მძლავრობით შიგ აღარ მაროვინებს. ღმერთი მეფეს გიცოცხლებს და გიდღეგრძელებს და გაგიმარჯვებს, ერთი ოქმის წყალობა ცხილვანის მამასახლისსა და ერთს თქვენს აზნაურიშვილზე გვიბოძეთ, რომ შარშანდელი და წრევანდელი ბარაც გამომირთვან და ჩემი მამულიც მოსწრებულს კაცს გაარჩევინონ. იმისის ხათრით ნებით არავინ რას ამბობს, თქვენათ სადღეგრძელოთ. ივნისის ი (10), ქორონიკონს უÁთ (1781 წ.)~. თხოვნაზე ამილახვარ-მდივანბეგს იესეს ოქმი დაუდვია: ამილახვარ-მდივანბეგის სიკეთით სახსოვარო გლახა ზედგინიძევ, მერე ქცხინვალის მამასახლისო! ხვითებიდამ ვინცავინ დვანელი კაცნი არიან, წაასხი დვანს, რაც ამ ოქრომჭედლისშვილის მამულები იყოს, ღვთის წინაშე სწორეთ ათქმევინე. და რაც ამისი ღალა იყოს და ან ამისის ყმის მამულისა, სულ მთლათ გამოურთვი და მოაბარე. გაურიგებლობა არ იქნება. თუ რომ თეიმურაზ ფავლენისშვილს შარშანდელი ღალა წაუღია ან წლევანდელი, ისიც გამოურთვი და მოაბარე. ვისაც სიტყვა ქონდეს, აქ ჩვენთან სამართალში მოვიდეს~.  (ც.ს.ს.ა; ფონდი 1450; დავთარი # 31; საბუთი # 182).  1782 წლის 5 სექტემბრის დაწერილა ოსიაურელთა (ზემო და ქვემო ოსიაური - სოფლები ხაშურის რაიონში) მიერ მირზა იბრეიმაშვილ გოგიასათვის მიცემული ბატონყმობის წიგნი, რომელსაც სოფელ ოსიაურის მამასახლისი მამუკა ნოზაძეც ადასტურებს:   `ქ. ესე წიგნი მოგართვით ჩვენ. ოსიაურელმა როსტევანას შვილმა სააკამა და მეტივე ზურაბას შვილმა ბერუამა და კოჩაძემა და ცაცანამა და ხაბულაშვილმა გოგიამა თქვენ, ბატონს ჩემს მირზა იბრეიმასშვილს გოგიასა; - ასე რომ ჩვენ ბატონის სახასო ყმანი ვიყავით და ბატონმა ჩვენი თავი თქვენ გიბოძათ და ჩვენ ისევ ჩვენის ბატონის ყმობა გვინდოდა. ამის მიზეზით ცილი გწამეთ და მოგიგონეთ. მოვედით ჩვენი დანაშაული თავს ვიდევით და შენც შენს ღმერთს დაამადლე და შეგვინდევი ჩვენი დანაშაული და შენც ეს წყალობა უნდა გვიყო, რომ ასეთი კაცი შეუყენო ბედრნიერს ხემწიფესა, რომ ჩვენის დანაშაულისა არც ხემწიფემ გადაგვახდევინოს და გვაპატიოთ. არის ამისი მოწამე ჩხეიძე თეიმურაზ და ზაალ და ოთანაშვილი გოგია, მდივნის კაცი ბერუა ფანაული, ნოზაძე მამასახლისი მამუკა და მე ჯაშიტაშვილს როსტომს დამიწერია ამ ოსიაურელების სიტყვითა და მოწამეცა ვარ ამისი. ბეჭედი არა მქონდა ეს ჩემი ხელია. როსტომ. დაიწერა ენკენისთვის ე (5), ქორონიკონს უო (1782 წ.)~.  საბუთს განის და ზემო აშიაზე სხვადასხვა ხელით მიწერილი აქვს: 

`ქ. მე, აბაშიძე ქაიხოსრო ამ წიგნის მოწამე ვარ ოსიაურელების სიტყვით~.

`ქ. მე ამილახორ, მდივანბეგი იესე ამ წიგნის მოწამე ვარ ოსიაურელების სიტყვით ენკენისთვის ზ (7), ქორონიკონს უო (1782 წ.)~. 

`ქ. მე, სოლომონ მდივანს დამიწერია.~

`ქ. მე ორბელიანი სალთხუცესი დავით ოსიაურელთ სიტყვით ამისი მოწამე ვარ.~

`ქ. ნათლისმცემლის მონასტრის არხიმანდრიტს უღირს ევთიმის ოსიაურელნი შემომეხვეწნენ, მოციქული მომიგზავნეს და მას უკან თითონ მოვიდნენ, შეგვირიგეო. რადღან სამეფო ზეციური ბრძანება არის: `ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი და ნეტარ იყვნენ მშვიდნი ცა მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ~, ამისათვის ამათი ვედრი ვისმინე ქრისტეს გულისათვის და ბრძანებისათვის მისისა მშვიდობა და ერთობა მიიღეს და ეს წიგნიცა მათ მოიტანეს დაწერილი, ამას კი იხვეწებოდნენ ხელმწიფე არ გაგვიწყრესო.

ენკენისთვის (7), ქორონიკონს უო (1782 წ.)~. 

`ქ. ოსიაურელების სიტყვით ამ წიგნის მოწამე ვარ მე, ნაზარბეგიშვილი ოსეფა~.

(ხელნაწერთა ინსტიტუტი ; Qდ-792).

საბუთის მოწმეთა შორის სოფელ ოსიაურის მამასახლისი მამუკა ნოზაძეც იხსენიება, რაც მის იერარქიულ დაწინაურებაზე მიგვანიშნებს.

XVIII საუკუნით თარიღდება ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთრის ნაწყვეტი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ნუსხაში ტკოცას (სოფელი ხაშურის რაიონში) მოსახლე ბერუკა ნოზაძის, სატივეს (ხაშურის რაიონის სოფლების დიდი და პატარა სატივეს გავრცელებული სახელწოდება) მცხოვრები პაატა ნოზაძისა და წაბლოვანს (წაბლოვანა  - სოფელი ხაშურის რაიონში) მოსახლე პაატა ნოზაძის კომლები იხსენიება (დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მოგვაქვს ის ადგილი რომელიც ნოზაძეთა გვარმოდენილობას შეეხება):

`... აქავ ტკოცას:

ქ. ბეჟან რიკაძის ყმა ვირშელაშვილი ნასყიდა თოფით.

ქ. ხორგუაშვილი ბერი თოფით.

ქ. თავბერიძე მამაცა ფარხმლით.

ქ. თავბერიძე თამაზა ფარხმლით.

ქ. ბოგანო ხორგუაშვილი დათუნა.

ქ. აქავ ტკოცას რიკაძე ზალის ყმა: ვირშელაშვილი პატა თოფითა.

ქ. ნოზაძე ბერუკა შუბითა.

ქ. კოკავიძე ზაზუტა ფარხმლით.

ქ. ამისი ძმა მახარა ფარხმლით.

ქ. პაპიძის მამულზე იმერელი მამუკა ფარხმლით.

ქ. ბოგანო კოკავიძე მგელია.

წაბლოვანს:

ქ. ტაბატაძე ივანე თოფითა.

ქ. ტაბატაძე გიორგი ფარხმლით.

ქ. ნოზაძე პატა თოფითა.

ქ. ჯავრელიძე ნადირა თოფითა.

ქ. ვერგილაშვილი თმაზა ფარხმლითა.

ქ. ეკლაძე ნასყიდა ფარხმლითა.

ქ. ადუაშვილი თმაზა ფარხმლითა.

ქ. პატრიძე გოგილა თოფითა.

ქ. პატრიძე ბეჟუა ფარხმლითა.

ქ. ბოგანო ტაბატაძე ნადირა.

ქ. ბოგანო პატრიძე ბერი.

ქ. ოსაძე ბერი ფარხმლითა.

სატივეს:

ქ. მგელიაშვილი ათნაზე შუბითა:

ქ. ნადირაშვილი პაპუნა შუბითა:

ქ. ღამბაშიძე დათუნა შუბითა:

ქ. ხუციშვილი მახარა შუბითა:

ქ. ქურციკაშვილი ნასყიდა თოფითა:

ქ. ნოზაძე პატა თოფითა.

ქ. სარაჯი მახრა ფარხლმითა.

ქ. ამისი განაყარი ოღძელი ფარხლმითა.

ქ. ქიტინაშვილი პატა ფარხლმითა.

ქ. პაპაშვილი ბერი ფარხლმითა.

ქ. კიტრაძე ოთია ფარხლმითა.

ქ. ძიძიშვილი პატა ფარხლმითა.

ქ. კვინიკაძე გიორგი ფარხლმითა.

ქ. ღამბაშიძე გოგია ფარხლმითა.

ქ. ბოგანო ხუციშვილი დათუნა.

ქ. ბოგანო ქიტინაშვილი ბეჟიტა.

ქ. ბოგანო ხუციშვილი თევდორე. 

ქ. ბოგანო ოსიძე დათუნა.

ქ. ბოგანო ნადირა.

ქ. ბოგანო ჯობაძე.

ქ. ბოგანო ირემა ...~

(ხელნაწერთა ინსტიტუტი ; Qდ-7016). 

აღწერის სიიდან ირკვევა, რომ ტკოცას მოსახლე ბერუკა ნოზაძეს - შუბით, ხოლო სატივესა და წაბლოვანას მცხოვრებ პაატა ნოზაძეთ - თოფით, ლაშქრობა სდებიათ ვალად ზემო ქართლის სადროშოში - ამილახვართა დროშის ქვეშ. XVIII საუკუნით თარიღდება შიდა ქართლის მოლაშქრეთა დავთრის ნაწყვეტი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია (დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მოგვაქვს ის ადგილი რომელიც ნოზაძეთა გვარმოდენილობას შეეხება):

`... ქ. სატივეს გელისშვილი ათანასე შუბითა.

ქ. ნადირასშვილი პაპუნა შუბითა.

ქ. ქურციკასშვილი ნასყიდა თოფითა.

ქ. ნოზაძე პატა თოფითა.

ქ. სარაჯი მახარა ფარხლმითა.

ქ. ამისი განაყოფი ოღრძელი ფარხლმითა.

ქ. კიტრაძე ოთია ფარხლმითა.

ქ. ბოგანო ქიტინასშვილი ბეჟიტა.~

(ხელნაწერთა ინსტიტუტი ; Qდ-8642). 

XVIII საუკუნის 50-იან წლებში თავად ჩხეიძეებისათვის ყმა-მამულები ჩამოურთმევიათ, მაგრამ მალე რაჭის ერისთავთა შუამდგომლობით დაკარგულის უკან დაბრუნება მოუხერხებიათ. ამ ფაქტს მისი კუთვნილი გლეხები – ნოზაძენი უარყოფითად შეხვედრიან, , რადგან სახაზინო (სამეფო) გლეხობა უფრო აწყობდათ, ვიდრე თავად ჩხეიძეთა ბატონობა. ნოზაძენი აყრილან თავიაანთი საცხოვრებელი ადგილებიდან და უპირატესად ქემო იმერეთის სხვადასხვა სოფელში, შიდა ქართლსა და ოსმალში გადახვეწილან. თავად ჩხეიძეთ მოლაპარაკება გაუმართავთ ნოზაძეებთან, მაგრამ უშედეგოდ. 1788 წელს საქმეში ბატონიშვილი იულონი ჩარეულა, გლეხები თავისი ძმის ვახტანგის საკუთრებად უცვნია და სახლებში დაბრუნება მოუთხოვია. ამის შესახებ მათთავის სათანადო საბუთიც კი მიუცია. `... ჩვენ ბატონიშვილმა იულონ, - ვკითხულობთ ამ დოკუმენტში, - ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ თქვენ ფონელებს, ასე რომ ჩვენი ძმის ნეტარ ხსენებულის ბატონისშვილის ვახტანგის წიგნიცა გაქვსთ ... რომ ძველთაგან საბატონიშვილი ყოფილხართ, ახლა ეს ჩვენი წიგნი რომ ნახოთ, ვინც იმერეთს იყვნეთ, აიყარენით და სურამს გადმოდით და საცა თქვენი ნება იქნება იქ დაგაყენებთ…... ხათრიჯამი იყავით, რომ თქვენ არც ჩხეიძეებს მიგცემთ და არც არავის თქვენთან საბატონყმოთ საქმე ექნება. ძველთაგან ჩვენი ყმანი ყოფილხართ, ახლაც ჩვენი ყმანი იქნებით ...~ (ფონდი 1450; დავთარი # 25; საბუთი # 65). ეტყობა, ნოზაძენი უნდობლად მოჰკიდებიან ბატონიშვილის ამ დაპირებას და რამდენიმე წელი კვლავ ტყეში უხეტიალიათ, ხოლო 1794 წელს ფონაში დარჩენილ ნოზაძეებს ერეკლე II-ისათვის შემდეგი თხოვნა-საჩივარი მიურთმევიათ: `ღმერთმა ბედნიერის ხელმწიფის ჭირი სურამიდამ ფონელებს ნოზაძეებს მისცეს.ამას მოგახსენებთ: ძველთაგან თქვენი სახასონი ყმანი გახლავართ, ჩვენი გვარის კაცი სამოცდახუთი კომლი გახლავართ, ათი კომლი სურამში და ქართლში გახლავართ, სხვა იმერეთსა და ოსმალში არიან დაფანტული. ჩვენი გვარის კაცი მეფე ვახტანგს ჩხეიძებისათვის მოუბარებივართ, რომ მიბარებული ვართ, ჩვენ ჩხეიძეების სამკვიდრო არა ვართ. დღეს ახლა ასე გაგვიჭირდა ჩხეიძებისაგან, რომ დაკარგვის მეტი ღონე არა გვაქვს. მოგეხსენებათ, სურამი, სეფინის ხევი და ფონა ერთი ბატონის ყმა ყოფილა სახასოთ. ახლა თუ ჩვენ ჩხეიძების ხელისაგან გვეშველება და ერთ-ერთს ბატონისშვილს მიგვცემთ და ერთი ბინა მოგვეცემა, რაც ჩვენი გვარის კაცი დაფანტული არის იმერეთსა და ოსმალში, სულ ჩვენ მოგართმევთ, სადაც თქვენი ნება იქნება. და თუ თქვენი საფარველი ჩვენ არ დაგვადგა, ჩვენც დავიკარგებით. მოგვიხსენებია და ნება თქვენი სიმაღლისა აღსრულდეს. მარტის იე (15), ქორონიკონს უპბ (1794 წ.)~.
თხოვნას ახლავს ერეკიე II-ის ოქმი:
`ჩვენი ბრძანება არის! მერე ამ არზის პატრონები ჩვენი სახასო ყმანი არიან და ჩვენ ყმათ უნდა იდგნენ. და თუ ვისმე ჭეშმარიტი სიტყვა აქვს ჩვენ მოგვახსენოს და სამართალი მიეცემათ. მარტის კდ (24). ქორონიკონს უპბ (1794 წ.).
ჩხეიძებო! თქვენის ვალისათვის სამართლამდინ ეს კაცნი არ უნდა შეაწუხოთ და არც თქვენს მოვალეს ამათთან ხელი არა აქვსთ რა. და თუ სიტყვა გაქვსთ, სამართალში ელაპარაკენით.~
(ფონდი 1450; დავთარი # 25; საბუთი # 66).
ერეკლე II-მ ნოზაძენი ხაზინის საკუთრებად აღიარა და ჩხეიძეების პრეტენზიები უსაფუძვლოდ ჩასთვალა. ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი გლეხები დაშოშმინდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს.
1798 წლის 21 სექტემბერს თავად ჩხეიძეთ გლეხ ნოზაძეთა კუთვნილების თაობაზე კვლავ მიუმართავთ სასამართლოსათვის, საქმე ბატონიშვილ იოანეს განუხილავს და სარჩელი მებატონეების სასარგებლოდ გადაწყვიტა. `... სადაც არ უნდა იყვნენ ნოზაძეები, მონახეთ, დააბრუნეთ და ნინია ჩხეიძეს ჩააბარეთო ...~ (ფონდი 1450; დავთარი # 25; საბუთი # 6) - ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.
1804 წლის 24-26 აპრილს შეუდგენიათ ზემო იმერეთის გლეხობის მიერ რუსეთის იმპერატორისათვის მიცემული ფიცის წიგნი, რომელშიც მოფიცართა შორის სოფელ ბერეთისას (ზედა და ქვდა ბერეთისა - სოფლები ჭიათურის რაიონში)  მოსახლე თევდორე ნოზაძეც იხსენიება:
`ფიცით აღთქმა
მე, ქვემო სახელდებული, აღსთქვავ და ვფუცავ, ყოვლისა შემძლებელითა ღვთითა, წინაშე წმიდისა სახარებისა მისისა მას შინა, ვითარმედ მნებავს და თანამაძს მათის იმპერატორების დიდებულებისა ალექსანდრე პავლოვიჩისა, თვით-მპყრობელისა ყოვლისა რუსეთისა, და მათის იმპერატორების დიდებულების ყოვლისა რუსეთისა საყდრის მემკვიდრისა, რომელიც იქმნების დანიშნულ, ერთგულად და პირუთნებელად ვმსახურო და დავემორჩილო ყოველსა შინა უმაღლესსა ნებასა მისსა, არა დავზოგო ცხოვრება თვისი ვიდრე უკანასკნელ წვეთად სისხლისა; ყოველი მოცემული და შემდგომად მოსაცემელი მათის დიდებულების დადგინებულისა ხელმწიფებისაგან სჯულის დება ანუ განწესებაი მივიღო სათანადოითა მორჩილებითა და მათცა უკიდურესისა გულისხმის-ყოფისა, ძალისა და შემძლებელობისამებრ გავუფრთხილდე და მივაქციო; აღდგინებულისა მათის იმპერატორების დიდებულებისაგან მამულსა შინა ჩემსა განსხვენება და მყუდროება უკიდურესისა შეძლებისამებრ ჩემისა დავიცვა და არავითარი მე მიწერ-მოწერა აღმრეველთადმი ჩემისა მამულისათა სწორედ ანუ საშუვალით, საიდუმლოდ ანუ ცხადად არა თუ ოდენ საქმით, არამედ მხილებითცა ანუ სხვითა რაითამე მოგონებითა, მმექმეობითა და განზრახვითა არა ვიქონიო, ხოლო ვნებასაცა მათის დიდებულების სარგებლისა ანუ საზოგადოსა შესამატისასა, ვითარცა ვსცნობ რა, არა თუ ოდენ ცხად-ვყოფ აღმსთობითვე, არამედ ყოვლითა ზომითა გარე ვაქცევ და არა მიუშვებ; და ესევითარით ხატითა მოვაქცევ თავსა, ვითარცა სარწმუნოსა, მათის იმპერატორების დიდებულების ჩემზედა დადგინებულისა ხელმწიფებისადმი, და მშვიდისა მოქალაქისა კეთილშესაბამ და თანამდებ არს და ვითარცა ჯერ მიჩნს მე წინაშე ღვთისა და საშინელისა მსჯავრისა მისისა მარადის მას შინა სიტყვისგება, რომელსა შინა მწე მეყოს მე უფალი ღმერთი სულიერად და ხორციელად. დასამტკიცებელადცა ფიცისა ამის ჩემისა ამბორს უყოფ სიტყვასა და ჯვარსა მაცხოვრის ჩემისასა. ამინ.
იმერეთის კოლბიაურის შამახეთის მღვდელმა გიორგიმ შევფიცე. იმერეთის სოფელმან კოლბეურმან მცხოვრებელობით დაიფიცნენ: კიკოლა მაჭაროვ, მღთისია მაჭაროვ, გოგია მაჭაროვ, კვირია მაჭაროვ, პავლე ბიწაძე, გოგია მაჭაროვ, ივანე მაჭაროვ, სესიკა მაჭაროვ, კაცია მაჭაროვ ... სულ სოფელმა კოლბეურმან დაიფიცა სამას ორმოცდაათმა კაცმა. დაამტკიცა კოლბეურის მამასახლისმა მამუკა მაჭაროვმან.
სოფელმა ბერეთმა დაიფიცა კე აპრილს: მღვდელი ბესარიონ ტაბატაძე, ივანე ყვიჟინაძე, პაატა გრიგოლოვ, სულხანა გრიგოლოვ, პაატა გრიგოლოვ, გიიორგი გრიგოლოვ, ნასყოდა გრიგოლოვ, პაატა გრიგოლოვ, ივანე გრიგოლოვ, ტატო გრიგოლოვ, შიო გრიგოლოვ, პაპუნა ტაბატაძე, სვიმონ დათუაშვილი, დავით ლაზაროვ, თევდორე ნომზაძე _ სულ იყო ამ სოფელში ორმოცდაათი კაცი. დაამტკიცა მამასახლისმა იოვანე ყუჟინაძე.
სოფელმა ჭალუანმა და წმანიდამ დაიფიცეს კვ (26) აპრილს: რევაზ ლომსაძე, პაატა ულუმბელაშვილი, დათუნა ლომსაძე, გოგოლა ლომსაძე, მამუკა კორკოტაძე, გოგია ლომსაძე, გოგია ქურთაძე, ბეჯან ქურთაძე _ ამ სოფელში დაიფიცნენ ოცდახუთი კაცი. მამასახლისმა რევაზ ლომსაძემ დაამტკიცა.
ზემოწერილის რიცხვში სოფელმა მწვანიდამ დაიფიცა: გიორგი გაბრიელაშვილი, შიო მაჭაროვ, გიორგი ცერცვაძე, ივანე წიგნაძე, გოგია ტაბატაძე, გოგია ბერაძე, ივანე ქურთიშვილი, იბანე ბერაძე _ ამ სოფელში წმანიდას, დაიფიცნენ ოცდარვა კაცი. დაამტკიცა მღვდელმა დავით ქურთაძემა.
ქ. ამ ზემოწერილნი სოფლები ალის მღვდელმა იოვანემ დავაფიცე.~
(ხელნაწერთა ინსტიტუტი ; შდ-2322).
XVII საუკუნიდან მოყოლებული, ვიდრე XIX საუკუნის დასაწყისამდე საქართველოში შედგენილ სიგელ-გუჯარში ძირად იმერელი ნოზაძენი ჩანან ვითარცა მოწმენი და მისანდონი ქართლის მეფეთა, ბატონიშვილთა, თავადთა, აზნაურთა და უაზნოთა.
ღმრთისა და საქართველოსა და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ძირად იმერელ ნოზაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ: იმერეთის სამეფოს ლაშქარში: არგვეთის სასარდლოში - წერეთელთა დროშის ქვეშ; ქართლის სამეფოს ლაშქარში მემეარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა და შუამდგომ მეფის ალმის მპყრობელ სადროშოებში, თავად ამილახვართა და ციციშვილთა დროშებს ქვეშ.
საქართველოში რუსთა იმპერიის ბატონობის ჟამს ჩატარებულ მრავალ კამერალურ აღწერაში, საეკლესიო ჩანაწერსა და სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტში იხსენიება, იმ ხანად ძირითადად: იმერეთს, ქართლსა და კახეთს მოსახლე ნოზაძეთა გვარჩამომავლობა.
XIX საუკუნეში კვლავ გრძელდება დავა ნოზაძეთა და ჩხეიძეთა შორის.
1801 წლის 26 სექტემბერს თავად ჩხეიძეთ, სადავო ყმის - ნოზაძის (სახელი არ ფიქსირდება) თაობაზე რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პავლეს ძისათვის არზა მიუმართავთ:
`ყოვლად უგანათლებულესო დიდო ხელმწიფევ, იმპერატორო ალექსანდრე პავლეს ძევ, თვითმპყრობელო სრულიად რუსეთის, ყოვლად მოწყალე ხელმწიფევ!
ითხოვენ ერთობლივ ჩხეიძეები: ჩვენის მტრებისაგან ასე შეწუხებული ვიყავით და მეზობლებისაგან, ჩვენი ყმანი დაფანტულნი გახლავან ყოველს კედლათ, მაგრამ არავის ყმობით არ წაურთმევია. მართალია, ნოზაძე მოყვარე ჰყვანდა დიასამიძესთან, იმის კედლათ მივიდა, მაგრამ ჩვენს ყმობიდამ არ გასულა. ივლონ ბატონისშვილისაგან წართმეული ჩვენი ყმები რომ თქვენგან სამართლით გვებოძა, ეს კაციც იმათი ძმა არის. თუ ჩვენი ყმა არ იყო, დიასამიძისა იყო, მოახლე როდიდამ… რომ გამოვართვი ან რათ ვიმსახურებდი იქიდამ.
გევედრები სამართალში გვალაპარაკოთ, ღვთის წინაშე სამართალი გვაღირსოთ, მანამდის ის კაცი თავის ძმასთან იყოს, სამართალმა რომელსაც მისცეს, იმის იქნება. სეკდემბრის კვ (26), ქორონიკონს უპთ (1801 წ.)~.
თხოვნას თავში მიწერილი აქვს ბრძანებულება:
`ბრძანება საქართველოს სამოქალაქოს მმართველებთან, თავადი დიასამიძე იოსებ! შენ ხომ ბრძანება ასე მოგეცა _ თუ ამ შენს მოდავეს კაცს სიტყვა ჰქონდა, უნდა სამართალში მოგყოლოდა, თუ არადა, უნდა აგეყარა. ახლა ეს კაცი ჩივის, სიტყვა მაქვსო, თუ აჰყრი, მოდი ელაპარაკე და სამართლით თუ დაგრჩება, მაშინ აჰყარე. სეკდემბრის კვ (26), ქორონიკონს უპთ (1801 წ.).
თავადი ზაალ ბარათოვი.
თავადი ეგნატი თუმანოვი~.
(ც.ს.ს.ა; ფონდი 1450; დავთარი # 14; საბუთი # 77).
იმერეთის ზოგიერთი სოფლის ეკლესიაში შემონახულ საეკლესიო ჩანაწერთა მიხედვით, XIX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში  ნოზაძეთა გვარმოდენილობის წევრთ უცხოვრიათ სოფლებში: ბერეთისაში (ზემდა და ქვედა ბერეთისა _ სოფლები ჭიათურის რაიონში)  _ სასულიერო პირთ და საბატონო გლეხებს; დარკვეთში (ჭიათურის რაიონი) _ საბატონო გლეხებს; მოძვში (საჩხერის რაიონი) -  სასულიერო პირთ და საბატონო გლეხებს; ჩხირაულში - სასულიერო პირთ და საბატონო გლეხებს; ჯალაურთაში (საჩხერის რაიონი) - საბატონო გლეხებს (ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი; აღსარების მთქმელთა სიები; ფონდი 21; ანაწერი I).
XIX საუკუნეში იმერეთს მოსახლე ნოზაძეთა ნაწილი იერარქიულად დაწინაურებული ჩანს..
1888 წლის 15 ოქტომბერს სოფელ სვერს (ჭიათურის რაიონი) მოსახლე დათია ასანიძეს თამასუქი მიუცია გოგია ცუცქირიძისათვის, რომელსაც მერევის (სოფელი ჭიათურის რაიონსი) საზოგადოების `სუდია~ ნოზაძეც (სახელი არ იხსენიება) ადასტურებს:
`ჩყპÀ-სა (1888) წელსა, ოკდომბრის იე (15)-სა, მე, ქვემორე ამისა ხელის მომწერმან, სოფელ სვერში მცხოვრებმან, დათია ბესიკის ძე ასანიძემ ვისესხე შენ, გოგია ივანეს ძე ცუცქირიძისაგან ასი მანეთი ვერცხლისა დღეის რიცხვიდან ერთის წლის ვარით და ვიკვრი ამა როსპისკის ძალით, რომელ აღნიშნულს ვადაზედ ვზღო ხსენებული ფულები, ხელს ვაწერ დათია ასანიძე. მის მაგიერ ხელს ვაწერ ვასილ ბარათაშვილი. დავსძენ, რომელი უკეთუ საჩივლელათ გაგიხადო ამ მერევის კანცელარიაში ვაგო პასუხი და აღარც აპელაციის გატანის ნება მექნეს. დათია ასანიძე. მის მაგიერ ხელს ვაწერ ვასილ ბარათაშვილი.
მოწამე ვართ მერაბ სამხარაძე.
მოწამე ვარ ვანო ბარათაშვილი.
რომელ ნამდვილ ბარათაშვილი აწერს ასანიძის მაგიერათ, მას ვამოწმებთ ჩყპÀ-ს, იე (15) ოკდომბერი, მერევის საზოგადოების სუდიები: სამხარაძეს, ფხალაძე, ნოზაძე.~
(საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; საბუთი #909.28-59 /107).
ინტერესმოკლებული არაა ის ფაქტი, რომ XX საუკუნის დასაწყისში ნოზაძეთა გვარმოდენილობის ერთი კომლი ამჟამინდელი კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში დამკვიდრებული ჩანს.
1915 წლის 1 ნოემბერს `კნეინა~ მარიამ ლევანის ასულ მაღალაშვილსა და პეტრე გიორგის ძე ელიავას შორის პირობის ხელწერილი დადებულა, რომელსაც ახალქალაქის საზოგადოების მამასახლისი ვანო ნოზაძეც ადასტურებს:
`1915-სა წელსა, გიორგობისთვის 1-სა
ჩვენ, ქვემორე ამის ხელის მომწერელთ, გორის მაზრის სოფელ ახალქალაქში მცხოვრებელმა, კნეინა მარიამ ლევანის ასულმა მაღალოვისამ და პეტრე გიორგის ძე ელიავამ დავსწერეთ ეს პირობის წერილი მასზე, რომელიც მოგაბარე მე, კნეინა მარიამ მაღალოვისამ ჩემი საკუთარი ვენახი სოფელ ჩოჩეთში, ხუთი წლის ვადით, თქვენ, პეტრე გიორგის ძე ელიავას, იმ პირობით, რომ უნდა იდგე ჩემს სახლში ჩოჩეთში, სადაც მოგეცი ერთი ოთახი თავისის კუხნით და საბძლით. უნდა იმუშაო ვენახი, როგორც მებახის წესია: დაბარვით, დაწიდვნით და ყოველის მუშაობით, რაც-კი საჭირო იქნება ვენახისათვის, ამ პირობით: ვაზის მოსავალი ორი წილი ჩემი იქნება და მესამედი მებაღისა, ხილის მოსავალი სანახევროთ იქნება, თივაც სანახევროთ იქნება, ფეხის ნაბარიდან ხუთში ორი ჩემი იქნება და სამი მებაღისა. უკეთუ სასუქი მოვიტანო ამ ხუთ წელიწადში, მებაღის ვალია, წალამიც სანახევროდ იქნება. ვენახს რაც იარაღი მოუნდება, დაყრა მებაღის ვალი იქნება, ან თუ მარგილი და ძეძვი მოვიტანო, შეღობასარი ის მე, მამულის პატრონმა უნდა მოვიტანო და ძველი სარი რაც იქნება, ისიც მამულის პატრონისა იქნება. ამ ხუთ წელიწადში უნდა გაძლიო წელიწადში ორი კოდი ჭირნახული: ერთი კოდი პური და ერთი კოდიც სიმინდი. მე, პეტრე გიორგის ძე ელიავა მოვალე ვარ გარდა მუშაობისა, მეჭიროს თვალყური, როგორც ყარაულს თქვენს სახლ-კარზე და ქონებაზე, რომ არავინ-რა მოიპაროს. უკეთუ ქურდისაგან რამ დაგაკლდეთ იმ მამულში, ან სახლ-კარში, მაშინ პასუხის მგებელი მე, პეტრე ელიავა ვიქნები. უკეთუ ღალატი რამ გავსწიო იმ თქვენს მამულში, ან სახლ-კარში, მაშინ იმ თქვენი მამულიდანაც გადავიდე და ხუთი თუმანიც ჯარიმა გარდავიხადო თქვენ, მამულის პატრონის სასარგებლოდ. მეც, კნეინა მარიამ მაღალოვისამ უკეთუ უმიზეზოთ დაგითხოვო ამ მამულიდან, ვადის წინათ, მეც ხუთი თუმანი ჯარიმა გარდავიხადო თქვენ, პეტრე ელიავას სასარგებლოდ. კნეინა მარიამ ლევანის ასული მაღალოვისა. რომელზედაც ხელს ვაწერ პეტრე ელიავა. რადგანაც პეტრე ელიავამ წერა არ იცის, მისი თხოვნით ხელს ვაწერ ნიკო გოგიოშვილი. ვამოწმებ ამათ პირობას და ხელმოწერად ვანო ნოზაძე (ახალქალაქის საზოგადოების მამასახლისი)~.
(საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; ხელნაწერი ფონდები; საბუთი # 8841. 40 - 66 / 15).
ნოზაძეთა გვარსახელის ფუძე ტოპონიმიკაშიც აისახა, კონკრეტულმა ადგილებმა სახელწოდება მათი გვარსახელიდან გამომდინარე მიიღეს. სავარაუდოდ, ეს ის უბნებია, რომლებიც ამ გვარჩამომავლობის წარმომადგენელთ ეკუთვნოდათ, სადაც უცხოვრიათ, ან დღესაც ცხოვრობენ ნოზაძენი.
დღემდეა შემონახული ზემო იმერეთისა და თორის მხარის ტოპონიმიკაში, ნოზაძეთა გვარსახელის ფუძე: ნოზაძეები ეწოდება უბნებს სოფლებში სისვაძეებსა და ურუნაში; ნოზაძეების ბონდი _ უბანს სოფელ ქვედა ბერეთისაში; ნოზაძეების კლდე _ კლდეს სოფელ ქვედა ბერეთისაში; ნოზაძეების უბანი _ უბნებს სოფლებში: გრიგალათში, დარკვეთში, მეჩხეთურში, პერევისაში და ქვედა ბერეთისაში; ნოზაძეების წიისქვილი _ წიისქვილს სოფელ მეჩხეთურში; ნოზაძეების ჭალა _ ჭალას სოფელ ურუნაში; ნოზაძის გორა _ გორას სოფელ დარკვეთში; ნოზაძის მიწა _ უბანს სოფელ ჯვარში (`საქართველოს ტოპონიმია~; ზემო იმერეთი; ტ. I; თბ. 1987 წ; გვ. 155). ნოზაძეების მიწა _ სათეს ადგილს ბორჯომის რაიონის სოფელ წაღვერში (ალ. ღლონტი; `ტოპონიმიკური ძიებანი~ ტ. V; თბ. 1987 წ; გვ. 76).
ამჟამად ქვემო ქართლში ნოზაძენი ცხოვრობენ თეთრი წყაროს რაიონის სოფლებში: ბორბალოსა და ზირბითში, სადაც ხაშურის რაიონის სოფელ ქინძათიდან მოსულან.
სხვადასხვა დროს  ნოზაძეთა ძირძველ გვარმოდენილობას გამოყოფია ახალი საგვარეულოები:
ეთნოგრაფიული მონაცემებით ნოზაძეთა საგვარეულოდან შტო-ნაყარი გვარია ცაცანაშვილი, რომელიც პირველად ქართულ წერილობით წყაროებში 1715 წლიდან, რუისის სამწყსოს დავთარში ფიქსირდება (რ. თოფჩიშვილი; `როდის წარმოიქმნა ქართული გვარსახელები~; თბ. 1977 წ; გვ. 95).
ასე უბნობენ ჯავახეთს მოსახლე ალელიშვილნი: ნოზაძე ყოფილაო ჩვენ წინაპართა გვარსახელი. ალიდან (სოფელი ხაშურის რაიონში) ჯავახეთს გადასახლებულანო ჩვენი ძველნი და ამიტომაც თავდაპირველად, გვარსახელად სადაურობის აღმნიშვმნელი სიტყვა ალელი მიუღიათო, რომელსაც მოგვიანებით ქართულ მემკვიდრეობით სახელთათვის დამახასიათებელი `-შვილ~ სუფიქსი დართვია და ასე მიღებულა პატრონიმის დღევანდელი ფორმა ალელიშვილი (ი. მაისურაძე; `ქართული გვარსახელები~; თბ. 1981 წ. გვ. 19).
უკვალოდ არ ჩაუვლია ნოზაძეთა გვარის თავდადებულ წინაპართა გარჯას. ჯიში არსებობს, მემკვიდრეობა არსებობს, ნიჭი არ იკარგება. ჟამი ჟამს მისდევს... ერთგულება, ვაჟკაცობა და თავდადების უნარი თაობიდან თაობას გადაეცემა... გარდასულ დღეთა დიდება და პატივი არც უახლოეს წარსულში, XIX-XX საუკუნეებში დაჰკლებია ნოზაძეთა ნიჭიერ და შრომისმოყვარე გვარს, რომლის მრავალმა წარმომადგენელმა ნათელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში.
დიდი მამულიშვილური საქმის ქმნადობის ჟამს, XX საუკუნის დასაწყისში, როცა ჰერეთის დაცარიელებულ მიწებზე უცხო  თესლის დამკვიდრების საშიშროება იდგა, თავდადებულ ქართველ მამულიშვილთა მეცადინეობით (მეოხებით), იმერეთისა და რაჭის სხვადასხვა კუთხიდან ნამატი მოსახლეობა დღევანდელი ლაგოდეხის რაიონის ტერიტორიაზე იქნა გადმოსახლებული, რომელთა შორის ნოზაძეთა საგვარეულოს წარმომადგენლებიც ყოფილან.
ამჟამად ნოზაძეები ძირითადად ცხოვრობენ: შიდა ქართლში (4263 სული), თბილისში (2304 სული), იმერეთში (2246 სული), კახეთში (770 სული), თორის მხარეში (255 სული), სამეგრელოში (ხობის რაიონის სოფელ ხეთაში - სამი კომლი) და სხვა.
საქართველოში დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა ათიათას სულს აჭარბებს (10784 სული, აქედან: ხაშურის რაიონში _ 2958, თბილისში _ 2304, საჩხერის რაიონში _ 987, ჭიათურის რაიონში _ 813, რუსთავში _ 725, ქარელის რაიონში _ 620, ბორჯომის რაიონში _ 255 და სხვაგან უფრო მცირე რაოდენობით (მასალები ამოკრეფილია წიგნიდან: `გვარ-სახელები საქართველოში~; შემდგენელნი: ა. სილაგაძე, ა. თოთაძე; თბ. 1997 წ.)).
ღმერთმა ამრავლოს ძირძველი და სახელოვანი გვარი ნოზაძეთა.

გერბი – იმერეთი, ქართლი
რუკა
ხარაგაულის რაიონიდან – შიდა ქართლში, ზემო იმერეთში, ქუთაისში, კახეთში
შიდა ქართლდან – ქვემო ქართლში
კახეთიდან, ზემო იმერეთიდან, შიდა ქართლდან, ქვემო ქართლიდან - თბილისში

 მასალები მოძიებულია და მოგვაწოდა  გენიალოგიური კვლევის ცენტრი ”არიან ქართლის” მიერ, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით